სალომე ზურაბიშვილი – 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას გაწერილი, თანმიმდევრული ქმედებები სჭირდება, მითუმეტეს, როცა საქართველოს მიმართ ინტერესი მკაფიოდაა გაზრდილი

2024 წლისათვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას ჩვენს მიერ გაწერილი, თანმიმდევრული ქმედებები სჭირდება, მითუმეტეს მაშინ, როცა რეგიონის და საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი და ჩართულობა მკაფიოდაა გაზრდილი, – ამის შეასხებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს დადგა დრო, ნათლად გავიაზროთ, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა.

`დღეს დადგა დრო, რომ ნათლად გავიაზროთ, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რას გვეუბნება გენერალ კვინიტაძის მაგალითი. მის მემუარებში ახსნილია დიდ წილად რამ განაპირობა 1921 წლის ომის ტრაგიკული შედეგი. მოუმზადებლობა, დეზორგანიზაცია, არათანმიმდევრულობა, გეგმების არარსებობა, პროფესიონალიზმის ნაკლებობა, გულგრილობა და პარტიული ამბიციების წინ დაყენება. ესაა ის გაკვეთილი, რომელსაც არა მხოლოდ უნდა მოვუსმინოთ, არამედ გავითავისოთ და დღევანდელ ჭრილში გავიაზროთ.

დამოუკიდებლობის იმ სამწლიან პერიოდს და დღევანდელ ვითარებას ერთმანეთს ვერ და არ შევადარებთ, თუმცა, თუ სახელმწიფოს გაძლიერება და გამოწვევების დაძლევა გვინდა, ერთი პრინციპი დღესაც მართებულია – ეს პრინციპია, რომ ყველა მთავარ მიზანს თან უნდა ახლდეს სწორი შეფასება, რეალისტური ხედვა და სამოქმედო გეგმა. ეს სჭირდება ევროპაში საქართველოს ინტეგრაციას, რაც ჩვენი უალტერნატივო პერსპექტივა და მიზანია. მართალია, ამ გზას თავისი ეტაპები გააჩნია და ასოცირებით უმნიშვნელოვანესი საფეხური უკვე გავიარეთ, მაგრამ შემდეგი მიზნის მიღწევას, თუნდაც 2024 წლისათვის განაცხადის შეტანას ჩვენს მიერ გაწერილი, თანმიმდევრული ქმედებები სჭირდება, მითუმეტეს მაშინ, როცა რეგიონის და საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი და ჩართულობა მკაფიოდაა გაზრდილი. ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომელიც ჩვენგან მეტ მომზადებას, ორგანიზებულობას, თანმიმდევრულობას, პროფესიონალიზმსა და ქვეყნის ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებას მოითხოვს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.