ანა ნაცვლიშვილი – ჰუმანიტარულ დახმარებას ამდენი პიარი არ სჭირდება, პარლამენტმა რომ არაფერი გააკეთა უკრაინისთვის, ამას ეს უსუსტესი გზავნილები ვერ გადაფარავს

სამწუხაროდ, ჩვენ ტრიბუნასთან პარლამენტის სპიკერი ვერ დავინახეთ – ჩვენ პარტია „ქართული ოცნების“ სპიკერი ვიხილეთ, ძალიან სუსტი და სამარცხვინო მესიჯბოქსით, – ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის უარყოფით პოზიციას ოპოზიციის ინიციატივაზე, საქართველოს პარლამენტს სიტყვით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართოს.

ნაცვლიშვილის შეფასებით, პაპუაშვილი ვერ აცნობიერებს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარეა, უნდა მოიქცეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ერთ-ერთ სპიკერად არ უნდა ჩარჩეს.

„შალვა პაპუაშვილს არ ჰქონდა არანაირი ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა პიზიციონირებდეს დღეს საქართველოს ხელისუფლება, რომლის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენელი თავადაა. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი სახელმწიფოებრივი მიდგომა, ვერანაირი მზაობა, რომ საქართველოს სახელმწიფო ადეკვატურად აფასებდეს და რეაგირებდეს გაზრდილ რისკებზე, ცალსახად და არაორაზროვნად აფიქსირებდეს დგომას ცივილიზებულ სამყაროსთან და არა პუტინის რუსეთის ორბიტაში.

ჰუმანიტარული დახმარების მობილიზების თაობაზე გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა დამადლება ომში მყოფი ხალხისთვის – ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებისთვის მთელი საქართველო დადგა. ჰუმანიტარული დახმარება ისეთმა ადამიანებმა გაიღეს, საკუთარი პურის ფული რომ გასჭირვებიათ. ამდენჯერ იმის ხსენება, რომ სისხლი გადაუსხეს და ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა, უკიდურესად სამარცხვინოა. ჰუმანიტარულ დახმარებას ამდენი პიარი არ სჭირდება. ინსტიტუციური თვალსაზრისით რომ არაფერი გააკეთა პარლამენტმა, ამას ეს უსუსტესი გზავნილები ვერ გადაფარავს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.