ირაკლი კობახიძე: როდესაც ბურჯანაძე აკეთებდა უარეს განცხადებებს და დღეს ზის „ნაცმოძრაობის“, ის უნდა დარჩეს თუ არა ქართულ პოლიტიკაში?

„ნაცმოძრაობის“ ოფისში სხედან ბურჯანაძე, ოქრუაშვილი და სხვები, ისინი უნდა დარჩნენ თუ არა ქართულ პოლიტიკაში, ჯერ ამაზე გამეცით პასუხი და მერე გავმართოთ დისკუსია იმასთან დაკავშირებით, პოზნერი უნდა შემოვიდეს თუ არა საქართველოში, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვებს რუსი ჟურნალისტის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, რამაც გუშინ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის გაღიზიანება გამოიწვია.

კობახიძის თქმით, ჯერ მის მიერ დასმულ საკითხზე უნდა გაიმართოს მსჯელობა.

„მოდით ყველაფერზე ვიმსჯელოთ. აქამდე პრაქტიკა იყო ის, რომ ადამიანს არ ჰქონდა დარღვეული „ოკუპაციის შესახებ კანონი“ და ის შემოდიოდა ქვეყანაში. მიუხედავად განცხადებების, ეს პრაქტიკა იყო და იგი გაგრძელდა მოგვიანებით. სამართლებრივად ამოსავალი „ოკუპაციის შესახებ კანონია“. თუ გნებავთ, ამაზე გავმართოთ დისკუსიები, როდესაც ადამიანი ასეთ მიუღებელ განცხადებებს აკეთებს, ის შეიძლება შემოვიდეს თუ არა ქვეყანაში – ვიმსჯელოთ ამაზე, მაგრამ მანამდე რაზე ვიმსჯელოთ, იცით? როდესაც ნინო ბურჯანაძე აკეთებდა უარეს განცხადებებს და დღეს რჩება ქართულ პოლიტიკაში და ზის „ნაცმოძრაობის ოფისში“, ის უნდა დარჩეს თუ არა ქართულ პოლიტიკაში?

როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი პირდაპირ იყო მხილებული გერეუსთან თანამშრომლობაში. ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები გაგზავნილია ყველგან და ყველაფერში, ის შეიძლება იჯდეს „ნაცმოძრაობის“ ოფისში? ვიმსჯელოთ ხომ ამაზე.

ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია, უნდა იჯდეს თუ არა „ნაცმოძრაობის“ ოფისში და უნდა იყოს თუ არა ქართულ პოლიტიკაში?

და ბოლოს, ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც რუსეთის ფედერაციას ქვეყნის ტერიტორიების 20% ჩააბარა და შემდეგ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რითაც პირდაპირ აღიარა, რომ მათ დაიწყეს ომი ცხინვალის რეგიონში, ეს პოლიტიკური პარტია უნდა დარჩეს თუ არა პოლიტიკაში? ამას გაეცეს პასუხი და მერე ვისაუბროთ სხვა დანარჩენზე. მერე გავმართოთ დისკუსია იმასთან დაკავშირებით, პოზნერი უნდა შემოვიდეს თუ არა საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.