სანქციებთან დაკავშირებით ზერელე და ზედაპირული მოწოდებებით ცდილობენ ძალიან დააზიანონ ქვეყანა, თუ მას ომში ვერ ჩართავენ, მინიმუმ ეს მაინც მოახერხონ – მამუკა მდინარაძე

სანქციებთან დაკავშირებით ზერელე და ზედაპირული მოწოდებებით ცდილობენ ძალიან დააზიანონ ქვეყანა, თუ მას ომში ვერ ჩართავენ, მინიმუმ ეს მაინც მოახერხონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია საომარ რისკებს ქვეყანას შეგნებულად უქმნის.

„ოპოზიცია საფრთხეს უქმნის ორ რამეს და ეს საფრთხე არის შეგნებული მათი მხრიდან. ერთია – ომის საფრთხე და ნამდვილად, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ მათი საქმიანობიდან გამომდინარე, რომ ეს არის ომის და ღალატის პარტია. ერთი სურვილიც ვიცით დღეს და მეორეც, როდესაც წარსულში, აგვისტოს ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლის მე-5 პუნქტსაც იშველიებენ და მე-4 საერთოდ არ ახსენებენ. რა სიგიჟე დაიბრალეს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო, აქ სიღრმეებში შესვლა არავის უნდა. სხვა ნარატივს ისვრიან ახლა, არადა, მათ საკუთარ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება, რაც იყო ისეთი აბსურდი, რაც ჩვენი სერიოზული მუშაობის შედეგად არ გაიზიარა არც სტრასბურგმა, არც ჰააგამ და ორივეგან მოვიგეთ სასამართლო პროცესები და ასეც გაგრძელდება.

მათი მხარდაჭერილი ნარატივი არის აბსოლუტური სიგიჟე და დაბრალება საკუთარი სამხედროების მიმართ. ეს არის ომის და ღალატის პარტია, რომელიც შეგნებულად უქმნის საომარ რისკებს ამ ქვეყანას, ყველა მხრიდან ცდილობენ – შიგნიდან თუ გარედან და აზიანებენ საკუთარ ქვეყანას. ლობისტებსაც ქირაობენ იმის გამო, რომ გააშავონ ეს ქვეყანა და ხელისუფლება თითქოს პრორუსული განწყობა აქვს ხელისუფლებას. ამას კადრულობენ ამ სიტუაციაში და კონტექსტში საკუთარი ხელისუფლების მიმართ. ასევე, სანქციებთან დაკავშირებით ზერელე და ზედაპირული მოწოდებებით ცდილობენ ძალიან დააზიანონ ქვეყანა, თუ მას ომში ვერ ჩართავენ, მინიმუმ ეს მაინც მოახერხონ. ეს არის გამიზნული და შეგნებული ქმედება მათი მხრიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.