,,უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ადამიანი, რომელიც ბრალდებულია სააკაშვილის არაჟნებთან ერთად საქართველოში შემოპარების საქმეში, რბილად რომ ვთქვათ, ეს უხერხულობა არსებობს” – მდინარაძე

როგორც ვიცი, უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ადამიანი, რომელიც მხილებული და ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილის არაჟნებთან ერთად საქართველოში შემოპარების საქმეში – რბილად რომ ვთქვათ, ეს უხერხულობა არსებობს, – ასე გამოეხმაურა „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ინფორმაციას, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გია ლორთქიფანიძე დაინიშნა.

მდინარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული საქმის გარკვევას დღეს არ აპირებს ქვეყანასთან, რომელიც რუსეთის აგრესიის ობიექტია.

„დღეს ჩვენ იმ ქვეყანასთან, რომელიც არის რუსეთის აგრესიის ღია ობიექტი, ამ თემის გარჩევას და გარკვევას არ ვაპირებთ. არ ვაპირებთ ამ თემებზე ვისაუბროთ, ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის. თუმცა ყველაფერი გასაგებია – გუშინ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიარა, რომ ადმინისტრაციასთან პირდაპირი კონტაქტები აქვთ დილით, შუადღეს და საღამოს. შემდეგ „ლელოს“ წევრები შეთანხმებულ ინიციატივებს აყენებენ. გასაგებია, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებად ინიშნებიან ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ისეთი თანამზრახველები არიან, რომ მასთან ერთად იხილებიან კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში, მაგრამ ამ საქმეების გარკვევას დღეს უკრაინასთან არ ვაპირებთ. პირიქით – მხარს ვუჭერთ ამ ადამიანებს. მათ დღეს არ სჭირდებათ რაღაც საქმეების სიღრმეებში შესვლა. მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, რასაც ურყევად გამოვხატავთ მსოფლიოში ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე და ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გია ლორთქიფანიძე დაინიშნა.