ამ ტალღამ, რომელიც სოციალურ ქსელში, შემდეგ უკვე მედიის მეშვეობით აიწია, რა გამოიწვია – სიძულვილის გამოვლენა რუსული შესახედაობის ადამიანების მიმართ – პაპუაშვილი

მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შემოდიოდა, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, ყველანაირად ვხედავთ, რომ რაიმე დრამატული ზრდა არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ესეც სამწუხარო ტალღაა, რომელიც ძალიან ახლოს დგას ქსენოფობის ზღვარზე. ჩვენ ვნახეთ, რომ სამი მარტიდან მოყოლებული, როდესაც ეს ტალღა აიწია სოცქსელში, შემდეგ უკვე მედიის მეშვეობით, რა გამოიწვია ამ ტალღამ, შიშების დანერგვამ საზოგადოებაში, თითქოს ახლა საზღვარზე იყო მომწყდარი რუსეთის ასი ათასობით მოქალაქე, რიცხვი 120 000-ც კი ითქვა და თითქოს ამით მოხდებოდა ახლა საქართველოს დაპყრობა და ასე შემდეგ. დაშინება საზოგადოების. ვნახეთ, შედეგი რა იყო, ეს იყო სიძულვილის გამოვლენა, როგორ ვთქვა ახლა, რუსული შესახედაობის მიმართ, მათ შორის, იყო რამდენიმე ფაქტი, ჩვენ რაც მოვისმინეთ, რომ იყო როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური ძალადობის გამოვლენა ადამიანების მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია ან საერთოდ არ გამოეხმაურა ამ საკითხს ან ისე გამოეხმაურა, რომ პირიქით, შეიძლება, ხელი შეუწყო მსგავსი ქსენოფობიური ტენდენციების გაღვივებას

„მათ შორის, სამწუხაროდ, სახალხო დამცველიც მხოლოდ რვა თუ ცხრა დღის შემდეგ გამოეხმაურა ამ ფაქტს ტოლერანტობის საბჭოსთან ერთად და ყურადღება გაამახვილა, რომ არის ქსენოფობიის გაღვივების რისკები. ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის მინისტრის საათის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შემოდიოდა, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა. ყველანაირად ვხედავთ, რომ რაიმე დრამატული ზრდა არ არსებობს. თავისთავად გასაგებია, რომ რა თქმა უნდა, რუსეთიდან იქნება მოქალაქეების გადინება, ომში არის ქვეყანა, აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, იქნებიან მოქალაქეები, რომლებიც ტოვებენ ქვეყანას და ზოგიერთი მოქალაქე ალბათ ჩვენთანაც შემოვა, მაგრამ ამის ასეთი დრამატიზება, თითქოს ეს იყოს რაღაცა დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, ამხელს ზოგიერთი ოპონენტის დღის წესრიგს, რომ რაიმენაირად არიონ ქვეყანაში სიტუაცია. რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ტალღა აიწია, რამე დრამატული მოხდა, რამეს ვხედავთ განსაკუთრებულს? არა, რა თქმა უნდა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მშვიდი და ამავე დროს მტკიცე პოლიტიკის შედეგებს, რაც საბოლოო ჯამში აისახა ჩვენი მოსახლეობის შედეგებზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.