არ გვინდა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს ,,უკანა კარად” სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ამას ყურადღებით ვაკვირდებით – კელი დეგნანი

,,მხოლოდ რუსეთი ხეირობს ქართველების დაყოფით – ახლა ერთიანობის დროა!” ასე აფასებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ,,რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

დეგნანის აზრით საქართველოს არ აქვს შიდადაპირისპირების დრო და ახლა არის მომენტი, როცა ქვეყანა ერთიანი უნდა იყოს. ინტერვიუში , ამერიკელი დიპლომატი, რუსეთ-უკრაინის ომსა და დაწესებულ სანქციებზეც საუბრობს.

,,შემიძლია ვთქვა, რაც არ გვინდა – არ გვინდა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს “უკანა კარად” კომპანიებისა და პირების მიერ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით.

ვიცი, დიდი დაბნეულობაა იმაზე, რას ნიშნავს სანქციებთან მიერთება ან სანქციებთან შესაბამისობა. ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია, რომ საქართველო არის საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობაში. თუკი საქართველოს სურს თავისი, ორმხრივი სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ, რაც წარსულში გაუკეთებია, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.

ამ დრომდე საქართველოს მთავრობა იცავს საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. ყველა სანქცია არ შეეხება საქართველოს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად და არ მგონია, ეს მოხდეს. ამგვარ ქმედებებზე მონიტორინგის ძალიან ბევრი მექანიზმი მუშაობს. რა თქმა უნდა, კომპანიების გადასწყვეტია, როგორ აწარმოებენ ბიზნესს რუსეთთან. თითოეულმა ქვეყანამ ასევე შეიძლება გადაწყვიტოს, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია მხარდაჭერის გამოსახატავად უკრაინისთვის, რომელიც ასე მამაცურად, ასე უშიშრად ებრძვის თავისზე ბევრად დიდ ძალას და როგორი ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია პუტინისა და კრემლისთვის ძალიან მკაფიო გზავნილის გამოსახატავად – რომ ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების ხელყოფა წარმატებული ვერ იქნება.” ამბობს კელი დეგნანი.