ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას სჭირდება იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იარაღის გაგზავნა მოგიწევთ, საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთში, პოლონეთში, შუა აზიის ქვეყნებში

უკრაინას მხარდაჭერა ახლა სჭირდება. უკრაინას სჭირდება იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ სხვა ქვეყნებისთვისაც იარაღის გაგზავნა მომავალში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის საქართველო, მოლდოვა, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, პოლონეთი და შუა აზიის ქვეყნები, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ წევრებს.

„რაც უფრო მალე შეასრულებთ ჩვენ მოთხოვნას, მით მალე დადგება მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჩვენს ინტერესებშია. ეს თქვენს ინტერესებშია. ეს ყველა დემოკრატიის ინტერესებშია, რადგან დემოკრატიებს საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოთ. სიცოცხლემ უნდა გაიმარჯვოს სიკვდილზე“, – დასძინა ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ლიდერებს, აიძულონ რუსეთის ფედერაცია შეწყვიტოს ომი და სამხედრო დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზე.

„ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინას თავს დაესხა. ოდესღაც რუსეთიც ამ ფორმატის წევრი იყო დიდ დემოკრატიებთან ერთად. მაშინ დიდ შვიდიანს დიდი რვიანი ეწოდებოდა. მაშინ რუსეთთან დიალოგის იმედი არსებობდა, მაგრამ ამ დრომდე რუსეთს ეს იმედი არ გაუმართლებია. რუსეთს გაუჩნდა ილუზია, რომ ყველაფერი შერჩებოდა. ბოლო წლებში რუსეთმა გააჩინა უმძიმესი კრიზისების სხვადასხვა კერა, რაც მთელი მსოფლიოსთვის დიდ თავის ტკივილად იქცა. რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემები სულ უფრო ღრმავდება და დასასრული არ უჩანს. დღეს უკრაინა რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის საფრთხის წინაშე დგას.

მარიუპოლი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, ახტირკა და სხვა ქალაქები ისე გამოიყურება, თითქოს გლობალური კატასტროფა დატრიალდა. ყველა ეს უკრაინული ქალაქი ნანგრევებშია. ამ ქალაქებისკენ მიმავალი გზები, რისი საშუალებითაც მოსახლეობა თავის გადარჩენას და გაქცევას ცდილობდა, გადასაღებ მოედანს ჰგავს, მძაფრსიუჯეტიანი ფილმისთვის გამზადებულს, სადაც ასობით დამწვარი და ნატყვიარი მანქანა დგას. ვცდილობთ, გავარკვიოთ უკრაინის რამდენი მოქალაქე გაიტაცეს რუსებმა. ჩვენი ინფორმაციით, მათ 2000-მდე მოზარდი წაიყვანეს ქვეყნის აღმოსავლეთიდან რუსეთში. მათ ნაწილს რუსულ ჯარში მოხალისეებად იძულებით იყენებენ. ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ ომს შესაძლოა, მსოფლიო კრიზისი მოჰყვეს. რაც უფრო დიდხანს არ იქნება მშვიდობა უკრაინის მიწაზე, მით ნაკლებ საკვებს მიიღებს მსოფლიო ბაზარი უკრაინისგან. შესაბამისად, აზიის, აფრიკის და თუნდაც ევროპის ბევრ ქვეყანაში შეიძლება მძიმე პრობლემები შეიქმნას, ძირითადი პროდუქტების ხელმისაწვდომობასთან, სურსათის ფასებთან დაკავშირებით. ამას პოლიტიკური დესტაბილიზაცია მოჰყვება მსოფლიოში. იქნებ ესაა სწორედ რუსეთის მიზანი?

სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ. სასწრაფოდ შეაჩერეთ რუსული ჯარები, მოაშორეთ ისინი უკრაინის ტერიტორიას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.