მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი – მილიონებზეა საუბარი და როცა ვიღაცები ცდილობენ ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას, სასაცილოა – ირაკლი შოთაძე

მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი – მილიონებზეა საუბარი და როცა ვიღაცები ცდილობენ ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას, სასაცილოა – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

შოთაძის თქმით, სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ჩადენის ფაქტზე გამოიძიება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს.

„აქ, საუბარია 8 მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. როდესაც ვიღაცები ცდილობენ ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას, ეს უბრალოდ, სასაცილოა, როდესაც მილიონებზეა საუბარი. დადასტურებული ფაქტია, რომ ეს მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა და დაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებაზე, მათ შორის, მისი მეგობრების ტაილანდის ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენებაზე, ასევე დაიხარჯა კოსმეტიკურ პროცედურებზე, მისი კულინარიული ფანტაზიის დაკმაყოფილებაზე, როდესაც მზარეულები უცხოეთიდან ჩამოჰყავდა და ამაზეა საუბარი. ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მსგავს ხარჯს გასწევს, არამიზნობრივად გახარჯავს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, რა თქმა უნდა, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და მოუწევს პასუხისგება“, – განაცხადა შოთაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარი, შოთაძე პასუხობს, რომ ის ჩვეულებრივი პატიმარია.

„შემიძლია გითხრათ სამართლებრივად, თქვენ ელაპარაკებით გენერალურ პროკურორს და თითოეული ჩემი პასუხი არის სამართლებრივი. სამართლებრივად შემიძლია გიპასუხოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი. რაც შეეხება მისი გადაყვანის საკითხს და მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ჩადენის შესაძლო ფაქტს, ამ საკითხზე გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს, მთელი რიგი ექსპერტიზაა დანიშნული, ჩატარებულია საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და კიდევ ბევრია ჩასატარებელი. მას შემდეგ, რაც ამოიწურება ეს საგამოძიებო მოქმედებები, ყველა ამ ქმედებას პროკურატურა სამართლებრივ შეფასებას მისცემს და საზოგადოება ამის შესახებ აუცილებლად შეიტყობს“, – განაცხადა შოთაძემ.