არც ერთი შექება, არც ერთი რევერანსი რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს – არჩილ თალაკვაძე კარასინის განცხადებაზე

არც ერთი შექება, არც ერთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა,- ასე ეხმიანება ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადებას.

მისი თქმით, საქართველო დგას უკრაინის გვერდით და მკაფიოდ გამოხატავს მხარდაჭერას. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციაში გაკეთებულ განცხადებებს, თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები “საქართველოს შიდაპოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება”.

“როცა რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთდება პოლიტიკური განცხადებები, ამას პირველი საქართველოში ყოველთვის ეხმიანება და აიტაცებს ხოლმე “ნაციონალური მოძრაობა,” რადიკალური ოპოზიციური ბანაკი, შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები. მე მოველი, რომ ამ განცხადების შემდეგ უკვე “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მართული მედია იქნება გატაცებული ამ საკითხით და ძალიან ბევრ განცხადებებს გააკეთებენ, სინამდვილეში არც ერთი ასეთი შექება, არც ერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი გახლავთ ოკუპირებული და საქართველო განაგრძობს დასავლეთთან ერთად თავის ტერიტორიების დეოკუპაციას მშვიდობიანი გზებით, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებით.

პირველ რიგში რაც შეეხება უკრაინას, საქართველო დგას უკრაინის გვერდით, ჩვენ გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო ფორმატში, იყო ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპის საბჭო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დაკავშირებული სარჩელი, იყო ეს ის რეზოლუციები, რომელიც მიღებული იქნა დასავლეთის მიერ და რა თქმა უნდა, საქართველო არის ნაწილი ყველა იმ ძირითადი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებების, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები იღებენ” – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის,  რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინიმ მოსკოვში ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრაზე განაცხადა, რომ ,,საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი”.