,,იმ ფენომენალურ იდიოტებს, ვინც რუსეთთან თანამშრომლობას ამჯობინებს, მინდა ვუთხრა – რუსები ფეხებზე თავისიანებს იკიდებენ და თქვენ რას გიზამენ” – ზელენსკი

,,იმ ფენომენალურ იდიოტებს, ვინც რუსეთთან თანამშრომლობას ამჯობინებს, მინდა ვუთხრა – რუსები ფეხებზე თავისიანებს იკიდებენ და თქვენ რას გიზამენ” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ის ეხმაურება, რუსეთის მიერ საკუთარი ჟურნალისტებისთვის მისი ინტერვიუს გასაჯაროების აკრძალვას.

,,ძვირფასო უკრაინელებო, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად შორს ვართ რუსეთის ფედერაციისგან. ყველამ იცის, რომ დღეს იმ რუს ჟურნალისტებთან ჩავწერე ინტერვიუ, რომლებსაც შეუძლიათ, რომ თავს თავისუფალი სიტყვის გაჟღერების ნება მისცენ. როდესაც ისინი ინტერვიუს გამოქვეყნებას აპირებდნენ, რუსეთის კომუნიკაციების სააგენტო დაემუქრა და გაუგზავნა წერილი, რომ მასალის გამოქვეყნებას უკრძალავდნენ.

სასაცილო იქნებოდა, ისინი თავიანთ ქვეყანაში, მეზობელი ქვეყნის განადგურების პარალელურად, თავისუფალი სიტყვის განადგურებას რომ არ ცდილობდნენ. თავს მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებად
წარმოაჩენენ, ამავდროულად კი ჟურნალისტებთან საუბრის გამოქვეყნების ეშინიათ. ესე იგი, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და ისინი ნერვიულობენ. ეს ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ, რომ თავიანთმა მოქალაქეებმა, არსებულ შეკითხვებზე სწორი პასუხები გაიგონ.

ასევე, დღეს 500-მდე ჩვენს ჟურნალისტს ვესაუბრე, მათ, ვინც ჩვენს ტელესივრცეს აერთიანებს და სიმართლეს ავრცელებს. დიდი მადლობა მათ. დავინახე, რომ ყველა მათგანი მხარს გვიჭერს, ჩვენზე ფიქრობს და უკრაინაზე გული შესტკივა.

გარდა ჟურნალისტებისა, ჩვენი მხარდამჭერები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეიკრიბნენ, რაც ძალიან მესიამოვნა. მათი შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ მოგვაჩვენებს თავს, რომ თავისი ხალხის პოზიცია არ მოუსმენია. ” – განაცხადა ზელენსკიმ.