თბილისში, საწვავის ფასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 20 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით,  დაკავებულია დაახლოებით 20 ადამიანი. მათი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება, იმსჯელებენ, დაეკისროთ თუ არა აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული სახდელი.

უფლებადამცველმა, ალექსანდრე კობაიძემ დაკავებულები მოინახულა და აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესზე დაამტკიცებს მათ უკანონო დაკავებას.

შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა იყო, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციები საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქშიც გაიმართა – ოზურგეთი, ბათუმი, თელავი – მოქალაქეებმა საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს და ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციების გაგრძელება დააანონსეს.