ჩვენ ყველანი დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და ის წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ფასების ზრდასა და ინფლაციის საკითხს გამოეხმაურა. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„გუშინ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იყო ორგანიზებული, რომელთა უკანაც, პირდაპირ უნდა ითქვას, „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა. მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და ის წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და განმარტა, რომ კოვიდპანდემიის ფონზე არაერთ ქვეყანაში ინფლაციის დონემ არა მხოლოდ პროგნოზირებადს გადააჭარბა, არამედ რეკორდულ დონეს მიაღწია.

„ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში გამოწვევაა ინფლაცია და ფასების ზრდა. საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი, იმიტომ რომ ვართ პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკით და მიერთებულები ვართ მსოფლიო ბაზარზე“, – აღნიშნა პრემიერმა.