შესაძლოა, საწვავის ფასი 50-60 თეთრით შემცირდეს, როგორც ვიცი, ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი – „სენტა პერტროლიუმის” დამფუძნებელი

„იმედისმომცემია ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს და უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნებთან. მიდის საუბარი, რომ შესასყიდი ფასი საქართველოსთვის იყოს იაფი, ვიდრე საერთაშორისო ბაზრის ფასებია”, – ამის შესახებ  „სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ გადაცემა „ტვ პირველის”  ეთერში განაცხადა.

იგი საქართველოში საწვავის გაიაფების მექანიზმებზე საუბრობს და მისივე თქმით, საქართველომ შესაძლოა კონკრეტული ქვეყნებიდან საწვავი გაცილებით იაფად მიიღოს, ვიდრე საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ფასებია.

„მაგალითად, პლატცთან მიმართებით თუ ბენზინის ფასი 1100 დოლარია შეიძლება, მინიმუმ 300 დოლარით შემცირდეს. ადვილად აღსაქმელი რომ იყოს, ეს იწვევს დაახლოებით,  50-60 თეთრიან სხვაობას ერთ ლიტრზე.

მე როგორც ვიცი, ძალიან სწრაფად და ოპერატიულად უნდა გადაწყდეს საკითხი. ეს არის ყველაზე ქმედითი, რაც შეიძლება მოხდეს ამ სიტუაციაში, რადგან მთავრობა და მოსახლეობა ვერ შეცვლის ფასს, რაც არსებობს საერთაშორისო ბაზარზე”,- აცხადებს ზაალ იაკობიძე.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ მე-100 ადგილზე ვართ მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით, მითუმეტეს მაშინ, რომ არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი”.

ამასთან, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ფასების ზრდა გლობალური ტრენდია, ხოლო გუშინ გამართული აქციის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.