სუს-ის ინფორმაციით, თაღლითობის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე, საკუთრების უფლება დამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა. თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით, გაცემული იყო ე.წ. ლეციმინტიეს უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია.

მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგინა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით, თაღლითურად საკუთრებაში დაირეგსიტრირეს 406 250 ლარის ღირებულების 100 083 კვ.მ. ცხრა მიწის ნაკვეთი. გამოძიების ფარგლებში ბრალდება ასევე წარედგინებათ ყველა ზემოაღნიშნულ პირს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“,- აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.