„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უარს აცხადებენ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უარს აცხადებენ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ. ამის  შესახებ, გერმანიის ეკონომიკის და კლიმატის დაცვის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ხელშეკრულებები ძალაშია და კომპანიებმა პატივი უნდა სცენ მათ.

„დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა.

რუბლით გადახდა მიუღებელია და დაინტერესებულ კომპანიებს მოვუწოდებთ, არ შეასრულონ პუტინის მოთხოვნები. პუტინის მხრიდან ჩვენი დაყოფის მცდელობა აშკარაა, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ დიდი ერთიანობისა და სიმტკიცის წყალობით, ჩვენ არ დავიყოფით“, – განაცხადა მინისტრმა.

დღეს კრემილის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ  თუ ევროპელები უარს იტყვიან საწვავის რუბლში გადახდაზე, მაშინ რუსეთი დასავლეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.