ვურჩევ ყველას, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე მიდის, არ ჭამონ ან არ დალიონ რამე, სასურველია, თავი შეიკავონ ნებისმიერ ზედაპირზე შეხებისგანაც – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ ან დალიონ, ასევე თავი შეიკავონ საგნების ზედაპირზე ხელის შეხებისგან.

ამის შესახებ დმიტრო კულებამ უკრაინული ტელეარხების ეთერში ტელემარათონის დროს განაცხადა.

ამასთან, კულება გამოეხმაურა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მონაწილეთა შესაძლო მოწამვლას და აღნიშნა, რომ „ყველას სწყურია ახალი ამბები და სენსაციები“.

„ვურჩევ ყველას, ვინც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე მიდის, არ ჭამონ ან არ დალიონ რამე. ასევე სასურველია, თავი შეიკავონ ნებისმიერ ზედაპირზე შეხებისგან. ყველა ეს ისტორია – ვიღაცამ სადღაც რაღაც მოისმინა – ახლა ბევრი ამგვარი რამე ვრცელდება, რადგან ყველას სწყურია ახალი ამბები, სენსაციები“, – განაცხადა კულებამ.