ეს არის კლასიკური პოლიტიკური აქტი, დაკავებულებს არცერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ – ალექსანდრე კობაიძე საწვავის ფასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებზე
თბილისში, საწვავის ფასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 20 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
როგორც, დაკავებულების ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აღნიშნავს მათ არცერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ.
,,მათ ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. რა თქმა უნდა, მათ არცერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მათ არ ჩაუდენიათ, რადგან მათ ქონდათ ლეგიტიმული უფლება, გამოეხატათ სოციალური პროტესტი. არ იყო არანაირი საფუძველი, რომ ეს ადამიანები დაეკავებინათ და 48 საათი გაეჩერებინათ დროებით დაკავების იზოლატორში. შესაბამისად, იმედი მაქვს დღეს გამოუშვებენ ისე, რომ არაინაირ ჯარიმას სასამართლო არ გამოიყენებს მათ წინააღმდეგ. როდესაც 20 ადამიანს ერთიანად აკავებ, არცერთს ხელწერილით არ უშვებ და არ გაინტერესებს მათი ბედი, ეს არის კლასიკური პოლიტიკური აქტი” – აღნიშნავს კობაიძე.
ცნობისთვის, ჩატარებული აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა იყო, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.
საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციები საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქშიც გაიმართა – ოზურგეთი, ბათუმი, თელავი – მოქალაქეებმა საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს და ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციების გაგრძელება დააანონსეს.