დაკავებულ ძმებს, გუგა და დავით კაკულიებს პატიმრობა შეეფარდათ

დაკავებულ ძმებს, გუგა და დავით კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, ბრალდებულების ადვოკატმა გიორგი ანთაძემ კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის განმარტებით, ორივე ბრალდებულის პატომრობაში ყოფნის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს. ყულჯანიშვილის განმარტებით, კაკულიების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებისთვის შემაკავებელი არ აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ხალხმრავალ ადგილას იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ძმებმა კაკულიებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ სავარაუდოდ, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე გადმოკვეთეს.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.