„ძალიან დიდი წონა ჰქონდა – ხუმრობის გარეშე, ცოტას თუ დაიკლებდა, კარგია“ – მეუფე იაკობი სააკაშვილზე

ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

მისივე თქმით, მასზე უარესი ავადმყოფები არიან ციხეში.

„ისე, ხუმრობის გარეშე, ცოტას თუ დაიკლებდა, ძალიან დიდი წონა ჰქონდა, პირიქით, ჯანმრთელობისთვის, მაგრამ უცბად არ უნდა მოხდეს ხოლმე წონის დაგდება. ისე, ძალიან კარგია თუ დაიკლო. ყველა ადამიანზე შემტკივა გული. ცუდია როდესაც ერთ ადამიანს გამოარჩევ, უარესი ავადმყოფები არიან ციხეში. ხალხს არ აინტერესებს სწორად გასამართლდა თუ არ გასამართლდა. ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეგ ადამიანი არის იქ სადაც უნდა იყოს. გასაგები, რომ არ მოსწონს ციხეში ყოფნა, ყველა ვერ უძლებს ციხეში ყოფნას“, – აცხადებს მეუფე იაკობი.