,,უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა” – მეუფე იოანე

,,უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა” – ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ,,TV რიონის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რთული საყურებელია, როცა ორი ერთმორწმუნე ერი ერთმანეთს ებრძვის.

,,მძიმე საყურებელია, როცა ორი ერთმორწმუნე ერი, მონათესავე, ბიძაშვილები, ასე ვთქვათ, ერთმანეთს გადაემტერებიან და ერთი უფრო ძლიერია, მეორე უფრო სუსტია, თუმცა, არც ისე სუსტია და იღვრება სისხლი ძირითადად უდანაშაულო ხალხის.  ვხედავთ ცალმხრივ წაქეზებას ერთი მხარის – აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული, კარგია, რომ ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება უკრაინაში და მშვიდობიან მოქალაქეებს, გაჭირვებაში მყოფ ხალხს ეხმარება, მაგრამ იარაღის მიწოდება ამ დროს, ეს არის ნავთის დასხმა ცეცხლზე” – აღნიშნავს მეუფე იოანე.