ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ამ ბოროტმოქმედებაში ჩათრეულები არ იყვნენ – ელენე ხოშტარია

ჩვენ საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ გვემეტება, არც საზარბაზნე ხორცად და არც ამ ბოროტმოქმედებაში მონაწილეობისთვის – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ამ ბოროტმოქმედებაში ჩათრეულები არ იყვნენ, – ამის შესახებ პარტია „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეების უკრაინა-რუსეთის ომში იძულებით ჩართვასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის ქართველებს მიმართა.

„ბოლო დღეებში ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომ ოკუპანტები, რუსეთი და მათი საოკუპაციო რეჟიმები ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბოროტმოქმედებაში და რუსულ აგრესიაში რთავენ. ჩვენ ტექნიკის გაყვანასთან დაკავშირებით კადრები ვნახეთ და მოდის ინფორმაცია, რომ ადამიანები გაჰყავთ. ასევე, არის შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება, საოკუპაციო რეჟიმების მიერ ამ ბოროტმოქმედებაში ჩართვის მიზნით, ჩვენი მოქალაქეების სავალდებულო გაყვანა მოხდეს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს და ადამიანურ დონეზე.

პირველ რიგში, მე მინდა მივმართო აბსოლუტურად ყველას, მათ შორის, ჩვენს თანამოქალაქეებს საოკუპაციო ტერიტორიაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რა ურთიერთობა გვაქვს ახლა, საქართველოს არც ერთი მოქალაქე ჩვენ არ გვემეტება არც საზარბაზნე ხორცად და არც ამ ბოროტმოქმედებაში მონაწილეობისთვის. ეს ბოროტმოქმედება რუსეთისთვის ძალიან მძიმედ და სამართლიანად დასრულდება და ეს უდიდეს დაღს დაასვამს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამაში მონაწილეობას მიიღებს. ჩვენი მომავალი უნდა იყოს პირიქით, ერთად კეთილდღეობაში ყოფნის და არა ამ ბოროტებაში თანამონაწილეობის. ამიტომ მივმართავ აბსოლუტურად ყველა მშობელს და ყველა ადამიანს, დაფიქრდით, თუ რა დაღს დაგასვამთ ამ ბოროტებაში თანამონაწილეობა. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ეს არ უნდა და მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე საქართველოში მათი უფლებები დაცული იქნება,” – განაცხადა ხოშტარიამ.