ტრაგიკულმა და უმძიმესმა მოვლენებმა საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარების შესაძლებლობა გააჩინა – არ გვაქვს უფლება, რომ ეს ისტორიული მომენტუმი ხელიდან გავუშვათ – ანა ნაცვლიშვილი

„მრავალ საწუხარს და თავისტკივილს შორის არის მნიშვნელოვანი, ისტორიული პროცესი, რომელსაც სჭირდება ყოველდღიური მუხლჩაუხრელი მუშაობა – ეს არის საქართველოს ევროინტეგრაცია, რომლის დაჩქარების შესაძლებლობა გააჩინა ტრაგიკულმა, უმძიმესმა მოვლენებმა და არ გვაქვს უფლება, რომ ეს ისტორიული მომენტი ხელიდან გავუშვათ“,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის – „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთიანობას და კონსოლიდაციას ალტერნატივა არ აქვს და ამ მიმართულებით მზაობა „ლელომ“ არაერთხელ დაადასტურა. მისივე ინფორმაციით „ლელო“ აქტიურად მუშაობს იმ აქტორებთან, რომლებსაც ევროინტეგრაციის მიმართ ცოდნა და კონკრეტული ხედვები აქვთ.

„ლელოს“ ჰქონდა სამუშაო შეხვედრები, ასევე, აქტიურად ვმუშაობთ დასავლელ მეგობრებთან და პარტნიორებთან, მათ შორის, ევროპარლამენტში, იმისთვის, რომ ქვეყანას ეს პერსპექტივა წარმატებად ექცეს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას აკეთებს ხელისუფლება და კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ და მოგიწოდოთ, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგია, კონკრეტული გეგმა, კონკრეტული ვადებით, ნაბიჯებით და ეს სტრატეგია ხორციელდებოდეს პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების და საქართველოს თითოეული მოქალაქის ფართო ჩართულობით“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, „ლელომ“ განსაკუთრებულ პრიორიტეტად რუსული გავლენებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა დასახა. პარლამენტის წევრმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსული გავლენის აგენტებთან დაკავშირებით ხელისუფლებას ცხადი პოლიტიკა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

„ამ ჯგუფებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სჭირდება ცხადი პოლიტიკა, არა ბუნდოვანი და ორაზროვანი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ პოლიტიკა, არამედ, კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ალაგმავს რუსულ გავლენებს და რუსული გავლენის აგენტების საქართველოში, რომლებიც თავხედურად და თამამად ძირს უთხრიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მის ევროპულ პერსპექტივას“,- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.