გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი აირის სტაბილურ ფასად მოწოდებას შევძლებთ – საწვავზე ფასის შემცირებას ორკვირიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ – ლევან დავითაშვილი

დღეს არ ველოდებით ჩვენი პირობების გაუარესებას და გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი აირის სტაბილურ ფასად მოწოდებას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფასების ზრდა არ უნდა მოხდეს, რადგან ომით გამოწვეული შოკის ეფექტი გადავლილია და რეალურად, სიტუაცია სტაბილიზაციისკენ უნდა წავიდეს.

„ჩვენ დღეს არ ველოდებით ჩვენი პირობების გაუარესებას და გვაქვს მოლოდინი, რომ გრძელვადიანად ვინარჩუნებთ პარტნიორებთან თანამშრომლობას. იმიტომ, რომ საქართველო პატივს სცემს თავის პარტნიორ ქვეყანას, მომწოდებელ ქვეყანას – აზერბაიჯანს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვლება, ჩვენ უფრო გრძელვადიანი, სტაბილური კონტრაქტების ერთგული ვრჩებით. ჩვენი თანამშრომლობა არ არის ერთჯერადი და არ არის ერთ წელზე დაფუძნებული, არის მრავალწლიანი, სტრატეგიული, გრძელვადიანი თანამშრომლობის ფორმის და ვფიქრობთ, მეგობარ ქვეყნებთან სწორი, გამჭრიახი და კარგი კომუნიკაცია-კოორდინაციით, შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში ამ ძირითადი ენერგომატარებლის სტაბილურ ფასად მოწოდებას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეკითხვაზე, რას ეფუძნება ხელისუფლების ოპტიმისტური გათვლა, რომ აპრილიდან მოსალოდნელია ინფლაციის შემცირება, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს მოლოდინი არის რამდენიმე ფაქტორის გამო.

„რეგიონი ახალ გარემოებებზე ადაპტაციას მოახდენს და ბუნებრივია, ეს არის მთავარი ფაქტორი, რომ მიწოდების ჯაჭვში მთავარი შეფერხებები გარკვეულწილად აღმოვფხვრათ. კერძოდ, უნდა მოხდეს მიწოდების მარშრუტების, არხების, სატვირთო ნაკადების გადალაგება. ასევე, მომავლის გარიგებები, ანუ ფიუჩერსული გარიგებები ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე არის უკვე დაკლებული ფასებით, მიმდინარე ფასებთან შედარებით და შესაბამისად, თუ ახალი გარემოებები არ მოხდა, პროგნოზი არის უფრო დასტაბილურებისკენ მიმავალი“, – განაცხადა დავითაშვილმა.