რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 2 000 სამხედრო გაგზავნა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 2 000 სამხედრო გაგზავნა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში 1 200 სამხედროა გადაყვანილი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთიდან – 800.

,,რუსეთის შეიარაღებული ძალების შევსების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში გადმოსროლილია ცხინვალის მე-4 და აფხაზეთის მე-7 სამხედრო ბაზების დანაყოფები. სულ 2 000 ადამიანი. 1 აპრილიდან კი საოკუპაციო ძალები დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში მორიგ სამობილიზაციო ტალღას დაიწყებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებაში პრობლემები აქვს. მაგალითად, 47-ე სატანკო დივიზიის სამხედროებმა კონტრაქტის გაწყვეტა და სამხედრო სამსახურის მუდმივი დისლოკაციის ადგილზე გაგრძელება მოითხოვეს”, – განაცხადეს უკრაინის გენშტაბში.