სიმართლე არის ფაქტებში, დოკუმენტებსა და მიმოწერაში – თუ საქმე იქამდე უნდა მივიდეს, რომ ეს დოკუმენტები გასაჯაროვდეს, არ გამოვრიცხავ, ასეც მოხდეს – ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტზე

სიმართლე არის ფაქტებში, დოკუმენტებში და მიმოწერაში. თუ საქმე იქამდე უნდა მივიდეს, რომ ეს დოკუმენტები გასაჯაროვდეს, არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელჩის თანამდებობაზე მთავრობის მხრიდან წარდგენილი ყველა კანდიდატის დანიშვნას ხელი მოაწერა.

„ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დანიშნა ყველა წარდგენილი ელჩი. მათი ეს ლოგიკა სწორია, ეს იმას ნიშნავს, გაცნობიერებული აქვთ, რომ კონსტიტუციური უფლებამოსილება ანიჭებს ვალდებულებას, ხელი მოაწეროს ელჩის დანიშვნას, ანუ გააფორმოს დოკუმენტი. ეს თუ მათ ასე ესმით, ეს კარგია, თუმცა, რეალობა არის სხვა და არ მესმის, რაში დაჭირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. არ არის სწორი, რომ ყველა წარდგენილი ელჩი იქნა დანიშნული,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, 29 მარტს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რეალურ სურათს არ ასახავს ინფორმაცია, თითქოს ბოლო ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

თავის მხრივ, საპასუხო განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშულია, რომ „ტყუილში ჩვენი დადანაშაულება იწვევს არასასურველ დაძაბულობას, მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 დიპლომატის კანდიდატურა, ყველას დანიშვნაზე პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება”.