დიდმა ბრიტანეთმა სანქციების „შავ სიაში” კიდევ 14 პირი შეიყვანა, მათ შორის, ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ მფლობელი და „სპუტნიკის“ ხელმძღვანელი

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და შავ სიაში კიდევ 14 პირი შეიყვანა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, შავ სიაში შეყვანილ 14 პირს შორის არის გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელსაც მედიაში „მარიუპოლის ყასაბს“ უწოდებენ.

როგორვ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა განაცხადა, უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის ომი დაფუძნებულია „ტყუილის ნიაღვარზე“.

„დიდი ბრიტანეთი დაეხმარა მსოფლიოს კრემლის დეზინფორმაციის გამოაშკარავებაში და სანქციების ამ ბოლო სერიის სამიზნეს წარმოადგენენ უსირცხვილო პროპაგანდისტები, რომლებიც ავრცელებენ პუტინის ყალბ ამბებსა და ნარატივებს“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ამასთან, არსებული ცნობებით, სასანქციო სიაში მოხვდნენ მედიის წარმომადგენლები და სამხედრო მაღალჩინოსნები. კერძოდ, მედიის ცნობით, შეზღუდვები დაუწესდა ტელეწამყვანს სერგეი ბრილევს, ასევე კრემლის მიერ დაფინანსებული კომპანია „ნოვოსტის“, რომელიც ფლობს ტელეკომპანია „რაშა თუდეის“, ასევე „გაზპრომ მედიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრ ჟაროვი და „საერთაშორისო მაუწყებლობა სპუტნიკის“ ხელმძღვანელი ანტონ ანისიმოვი.