უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება ალბათ, განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“  შემადგენელი ნაწილი არიან – გია ვოლსკი

ისეთი გულუბრყვილოც არ ვართ, დავიჯეროთ, უკრაინის ელჩი მხოლოდ იმის გამო გაიწვიეს, რომ თურმე იარაღი და სამხედრო მხარდაჭერა ვერ მიიღო საქართველოსგან, მაროკოსგან, ეს მაშინ, როცა შეიძლება, პრეტენზია უამრავი ქვეყნის მიმართ ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის აზრით, ელჩის გაწვევა ხელისუფლებასთან ერთად, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის შეურაცხყოფაა.

„ვფიქრობდი, ვფიქრობ და სავარაუდოდ მომავალშიც ვერ შევიცვლი აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება ალბათ განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“  შემადგენელი ნაწილი არიან.

რაც შეეხება ელჩის გაწვევის დემარშს, ვფიქრობ, ეს შეურაცხყოფაა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე ლუკმას უყოფს უკრაინის დაზარალებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს, ინახავენ ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს საქართველოში და არასდროს უკან არ დაიხევს, რომ უკრაინელ ხალხს დაეხმაროს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.