შალვა პაპუაშვილი – უკრაინის ელჩის გაწვევა არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად, თუმცა ახლა არ არის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ შეფასებებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველო სრულად სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ.

„თავის დროზე კონსულტაციები, გაწვევა, ახლა მოხსნა ელჩის, ეს ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად, არ არის ახსნადი ჩვენთვის, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ შეფასებებზე. დღეს ჩვენ სრულად სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მთავარია ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ დასრულდეს ომი უკრაინაში. ეს საკითხები იმდენად უმნიშვნელოა, იმ საერთო მიზანთან შეფარდებით, რასაც ჰქვია ადამიანური ტრაგედიების დასრულება, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტ კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.