გრიგოლ ვაშაძე – არ მაქვს იმ რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც გამაგებინებს, რატომ არის ჩვენი მოკავშირე უკრაინა ასე უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლებით

უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხზე პასუხს არ მოგცემთ, ეს ადამიანი არის ჩემი მეგობარი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კიდევ ერთ კითხვაზე, საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა ყოფილიყო თუ არა საკმარისი, რომ საქართველოდან ელჩი არ გაეწვიათ, ვაშაძემ განაცხადა, რომ მხარდაჭერის ნაწილში ხელისუფლების ნაბიჯებს მიესალმა, რის შესახებ ისაუბრა კიდეც.

„მე ვიცი, რა გააკეთა ხელისუფლებამ და ეს ნათქვამი მაქვს. ამ ნაბიჯებს მივესალმე და ვთქვი, ეს პოზიტიური ნაბიჯები იყო. რას არ აკეთებს ხელისუფლება, ამაზე კონკრეტულად ან ხელისუფლებამ უნდა გვიპასუხოს, ან უკრაინის ადმინისტრაციამ, რადგან არც მე და არც თქვენ არ გვაქვს იმ ხარისხის, რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც გამაგებინებს, რატომ არის ჩვენი მოკავშირე უკრაინა ასე უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.