იენს სტოლტენბერგი: რუსეთის დანაყოფების არა გაყვანა, არამედ გადაჯგუფება ხდება – შეგვიძლია ველოდოთ დამატებით შეტევით ქმედებებს

„ჩვენ ყველა ძალისხმევა გამოვიყენეთ რუსეთის დიალოგში ჩასართავად. თუმცა, მოსკოვი გამუდმებით გვეუბნებოდა უარს და საბოლოოდ გადაწყვეტა, გაეწყვიტა დიპლომატიური კავშირები, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენებრგმა 2021 წლის ყოველწლიური ანგარშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ნატო მზად იყო უარესისთვის, თუმცა ბევრს მუშაობდა უკეთესისთვის.

გასულ შემოდგომას ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ჩვენი ძალების მზადყოფნის გასაძლიერებლად, განვათავსეთ მეტი ძალები ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და გავაძლიერეთ უკრაინისადმი მხარდაჭერა. ეს ეფუძნებოდა ნატო-ს გრძელვადიან დახმარებას უკრაინის ძალებისადმი და ინსტიტუტებისადმი. წლების განმავლობაში ალიანსი წვრთნიდა ათობით ათას უკრაინელ სამხედროს, აწვდიდა მათ თანამედროვე აღჭურვლობას და მხარს უჭერდა რეფორმებს. უკრაინის ძალები უფრო დიდია, უფრო უკეთესად აღჭურვილი, უკეთესად გაწვრთნილი და უკეთესად მართული, ვიდრე ოდესმე. ისინი ამ ყველაფერს ფრონტის ხაზზე იყენებენ სიმამაცით, რომელმაც მთელი მსოფლიო შთააგონა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, იგი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთისგან დამატებით შეტევას უნდა ელოდოს, რადგან რუსეთის დანაყოფების გადაჯგუფებას ცდილობს.

„ჩვენ მოვისმინეთ ბოლო განცხადებები, რომ რუსეთი შეამცირებს სამხედრო ოპერაციის მასშტაბს კიევის გარშემო და ჩრდილოეთ უკრაინაში, თუმცა რუსეთი მუდმივად ცრუობს თავისი განზრახვების შესახებ. ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ რუსეთი მხოლოდ მისი ქმედებებით და არა მისი სიტყვებით. ჩვენი სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, ხდება რუსეთის დანაყოფები არა გაყვანა, არამედ გადაჯგუფება. რუსეთი ცდილობს, გადააჯგუფოს, მიაწოდოს მარაგები და გააძლიეროს თავისი შეტევა დონბასის რეგიონში. ამავე დროს, რუსეთი ინარჩუნებს ზეწოლას კიევსა და სხვა ქალაქებზე. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ დამატებით შეტევით ქმედებებს, რასაც მეტი ტანჯვა მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი. გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.