არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ პუტინი თვითიზოლაციაშია – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია და თავის ზოგიერთ მრჩეველს სჯის, თუმცა დასძინა, რომ აშშ-ს არ აქვს ბევრი მყარი მტკიცებულება ამის დარწმუნებით სათქმელად.

„ბევრი სპეკულაციაა, თუმცა როგორც ჩანს, თვითიზოლაციაშია და გარკვეული მინიშნებები არსებობს, რომ მან სამსახურიდან გაათავისუფლა ან შინა პატიმრობაში გადაიყვანა მისი ზოგიერთი მრჩეველი, თუმცა არ მსურს დაზუსტებით საუბარი, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამის მყარი მტკიცებულება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ის სკეპტიკურად ეკიდება იმას, რომ პუტინი თავის ძალებს უკრაინის დედაქალაქ კიევიდან სრულად გაიყვანს.