„რა მიმართულებით გავაქტიურდეთ, რათა მოულოდნელობების და ცუდი სიურპრიზების მომსწრე არ აღვმოჩნდეთ“

ამირან სალუქვაძის  „რეზონანსისთვის“ მიცემული ინტერვი-შემოკლებული ვერსია.

ჟურნალისტის კითხვა: “სირიაში განვითარებული მოვლენების ფონზე გეოპოლიტიკური სურათი. რუსეთის გავლენა ალეპოს დაკავებით და სირიაზე კონტროლის მოპოვებით?
პასუხი:

გარდა ამისა, რუსეთის გავლენა თურქეთზეც გაიზარდა, იმდენად, რომ თურქეთისა და ევროკავშირის მოლაპარაკებები ფაქტიურად ჩაშლილია. ამ ფონზე იზრდება თუ არა საქართველოს როლი რეგიონში დასავლელი პარტნიორებისათვის? კერძოდ ნატო-სთვის? ზრდის თუ არა ეს ჩვენს შანსებს?”

სიმართლე გითხრათ, ნატოს და დასავლეთისთვის ჩვენი როლის საკითხს თავი ავარიდე, რადგან, როგორც კომენტარში ვწერ, ყველაფრის განმსაზღვრელი აშშ-ის პოზიცია იქნება და არა საქართველოს სურვილი, საქართველომ სურვილები მკაფიოდ დააფიქსირა და საქმითაც დაამტკიცა. ასევე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია კომენტარის ბოლო ორი აბზაცის გათვალისწინება.

რა თქმა უნდა შემაშფოთებელია არა მხოლოდ ალეპოში, არამედ მთელ სირიაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა.. ჩემთვის ყოველთვის გაუგებარია, როცა პერიოდულად ვშოთავთ ხოლმე. სირიაში 5 წელია ხალხი იღუპება, უძველესი კულტურული მემკვიდრეობა ნადგურდება.

კიდევ ერთი. მინდა მკითხველს გავახსენო რა ვითარება იყო დაახლოებით 1,5 წლის წინ: მთელი მსოფლიო შეპყრობილი იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან მომავალი საფრთხით, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიებს იკავებდა. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება შეიქმნა.
რეგიონში უამრავი ქვეყნის ინტერესები იკვეთება. ესენია ესენია აშშ, რფ, თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ყატარი. რა თქმა უნდა, როგორც სირიაში, ასევე ზოგადად ახლო აღმოსავლეთში, ინტერესები გააჩნია ევროპას, ჩინეთს.

სირიასთან მიმართებაში, ამჟამად, ნაკლებად საუბრობენ ისრაელზე, თუმცა ისრაელის ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

ექსპერტები კონფლიქტის გამომწვევ უამრავ მიზეზებზე საუბრობენ. ეთნიკურ, რელიგიურ, ტერიტორიულ მიზეზებთან ერთად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა განვიხილოთ დაპირისპირება ენერგორესურსების და მათი ტრანზიტის გამო.

ომი კი, როგორც წესი სხვა მიზეზებით მართლდება: რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ან მისი დაცვა, დემოკრატიის დამყარება და სხვა. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთს ასადის ბედი ადარდებს? ერთი წლის წინ რუსეთი დათანხმდა ასადის წასვლას არჩევნების გზით, თუმცა მსოფლიო ვერ შეთანხმდა.

სირიის კონფლიქტში მოულოდნელი ჩარევით რუსეთმა უამრავ მიზანს მიაღწია. რატომ დათბა დღეს რუსულ-თურქული ურთიერთობები? იმიტომ რომ რუსეთმა ისე მოიკიდა ფეხი სერიაში, თურქეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობის რეგიონში, რომ მას საფრთხე შეუქმნა. საფრთხის შექმნა კი შეუძლია არა მხოლოდ სირიაში, არამედ ქურთული მოძრაობის მხარდაჭერით თვით თურქეთში, რისი გამოცდილებაც რუსეთს სსრკ-დან მოსდგამს. თორემ, რუსეთის და თურქეთის ინტერსები რეგიონში კარდინალურად განსხვავებულია.

ამ ფონზე ევროპა პასიურობს, დაკავებულია საკუთარი პრობლემების მოგვარებით. თურქეთისთვის დაპირებული 3 მლრდ დოლარიც კი ვერ გამოუყვია, რომელიც სირიელი ლტოლვილების სოციალური პრობლემებისთვის იყო განკუთვნილი.

რუსეთი, უკვე მერამდენედ, აქტიურად იყენებს აშშ-ში არსებულ გარდამავალ პერიოდს. ამ წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთი იმაზე მძლავრად დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთში, ვიდრე საბჭოთა პერიოდში იყო. გააქტიურდა აღმოსავლეთის მიმართულებით და დასავლური სანქციების ფონზე ახერხებს მრავალმილიარდიანი ინვესტიციების მოზიდვას იაპონიიდან, ახერხებს თბილი ურთიერთობების შენარჩუნებას ჩინეთთან.

სულ მალე მოსკოვში ისევ შედგება ლავროვ-ჩავუშოღლუს შეხვედრა, ხოლო მოგვიანებით ასტანაში რუსეთ-თურქეთ-ყაზახეთის სამიტი გაიმართება სირიის საკითხზე. ყაზახეთი ამ შემთხვევაში მხოლოდ მასპინძლის როლშია, თუმცა გარკვეული ქვეტექსტიც შეგვიძლია დავინახოთ.

ადგილი შემთხვევით არაა შერჩეული. რუსეთმა იცის თურქეთის ამბიციები, როგორც კავკასიაში, ასევე აზიის მიმართულებით. ყაზახეთიც მაგ ნიშნით შეარჩია რუსეთის ლიდერმა, რომ წაახალისოს თურქეთის აქტივობა აზიისკენ და მეტად დააშოროს დასავლეთს.

დავუბრუნდეთ სირიას. პალმირა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ბრძოლით დაიკავა, შემდეგ უძველესი კულტურული ობიექტების ნგრევა დაიწყო. რუსეთის დახმარებით ასადმა გაათავისუფლა, დღეს ისევ დაკარგა. პალმირაში ხალხი დაბრუნდა და ცხოვრობდნენ. დღეს არავინ იცის იქ რა ხდება და არც არავინ საუბრობს.

ალეპოს აღების შემდეგ საითკენ წავა ასადის ჯარები? რა თქმა უნდა პალმირის და სხვა დასახლებული პუნქტებისკენ. ქალაქის ბრძოლით (უკვე მეორედ) დაბრუნებას ისევ მოჰყვება მსხვერპლი. რას ელოდება მსოფლიო?

ორ წელზე მეტია OPEC-ის წევრი და არაწევრი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები ვერ იღებდნენ გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შესახებ. დღეს OPEC-იც და დამატებით 11 ქვეყანა შეთანხმდნენ 1,8 მლნ ბარელით შეამცირონ დღიური მოპოვება. ნავთობზე ფასები მატულობს. თუ ერთი წლის წინ 30 დოლარზე ქვემოთ იყო, ამჟამად 55 აშშ დოლარია.

რუსეთმა, სანქციების პირობებში, მოახერხა კრიზისის დაძლევა. მიუხედავად იმისა, რომ დეფიციტური ბიუჯეტი ექნება 2017 წელს, ბიუჯეტი ბარელზე 40 დოლარზეა გათვლილი. მაღალი ფასი კი მათ დამატებით რესურსებს მისცემს.

რუსეთზე და მის რესურსებზე აქცენტს იმ მიზეზით ვაკეთებ, რომ უახლოეს წლებში, არსებული ტენდენციების შენარჩუნების პირობებში მოსალოდნელი არაა რუსეთის საგარეო, როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო აქტივობების შემცირება არც ახლო აღმოსავლეთში, არც სხვა მიმართულებით.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიო პოლიტიკაში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. ამის შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვსაუბრობიდთ. აღარ შევჩერდები ახალი ადმინისტრაციის შემადგენლობაზე, რადგან ამ ფორმატში ვერ ჩავეტევით. ფაქტია, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები სხვაგვარად განვითარდება. თუმცა, საბოლოო ჯამში გაუჭირდებათ ურთიერთსაპირისპირო ინტერესების პირობებში მშვიდი ურთიერთობები ხანგრძლივად შეინარჩუნონ.

რუსეთმა, სირიის და აშშ-ში გარდამავალი პერიოდის ფონზე, კიდევ ერთ მიზანს მიაღწია, – მან საგრძნობლად ასწია საკუთარი წონა მსოფლიო არენაზე. ის შორსაა იმ შეფასებისგან, რომ „სუპერდერჟავა“ ვუწოდოთ, თუმცა როგორც „სამხედრო დერჟავა“ აშშ-ის მიმავალმა პრეზიდენტმა უკვე აღიარა.

ასევე, აღნიშნულ პერიოდში რუსეთმა მოახერხა საგრძნობლად შეეცვალა მის მიმართ განწყობები. ევროპაში რამდენიმე ქვეყანაში პირდაპირ პრორუსული პარტიები ან პრეზიდენტები იმარჯვებენ, რამდენიმე ქვეყანა რიგში დგას. ევროკავშირმა კიდევ ნახევარი წლით ინერციით გააგრძელა სანქციები, თუმცა, ისეთი მძაფრი განცხადებები აღარ ისმის. მეტიც, ბოლო სამიტზე უკრაინის მიმართ მეტი მკაცრი განცხადებები იყო, ვიდრე რუსეთის მიმართ.

რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ჩვენ და რა მიმართულებით გავაქტიურდეთ:
1. საფრთხეების და რისკების დროული შეფასება. პასუხი უნდა გავცეთ კითხვას, რომელ რეგიონშია მოსალოდნელი რუსეთის გააქტიურება?
2. თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის განმტკიცება. ახლა არ იყო ჯარში მასობრივი შემცირებების დრო.
3. დიპლომატიის და შესაბამისი სამსახურების გააქტიურება საგარეო ფრონტზე, რათა მოულოდნელობების და ცუდი სიურპრიზების მომსწრე არ აღვმოჩნდეთ.

უნდა გავითვალისწინოთ აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ახლახან გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც საფრთხეების რანჟირებაში პირველ ადგილას ზუსტად რუსეთიდან მომავალი საფრთხეა დაყენებული.

 

 

კომენტარის დატოვება