პრემიერის განცხადების სულისკვეთებას სრულად ვიზიარებ, იმასთან დაკავშირებით, რომ ისევე როგორც 2008 წელს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა – შალვა პაპუაშვილი

პრემიერ- მინისტრის განცხადების სულისკვეთებას სრულად ვიზიარებ, იმასთან დაკავშირებით, რომ ისევე როგორც 2008 წელს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა, საქმე ის არის, რომ ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს (რუსეთს) საერთაშორისო საზოგადოებამ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

პაპუაშვილი ღარიბაშვილის განცხადებას განმარტავს და აღნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს თავისუფლების მოყვარე ხალხი და ქვეყნები დასაჯოს და სწორედ ამაზეა საუბარი.

პაპუაშვილი ,,აზრის, სიტყვის ცენზორებზე და სიტყვით მანიპულატორებზე” საუბრობს და აცხადებს, რომ ადგილი აქვს მანიპულაციას ოპოზიციის და ტელევიზიების მხრიდან, რომ ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობები შეიქმნას.

„არა მხოლოდ ეს დღეები, მას შემდეგ რაც გამწვავდა მდგომარეობა უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენ სამწუხაროდ, საქართველოში ვხედავთ მანიპულაციას იმისთვის, რომ როგორმე განწყობები ხელისუფლების მიმართ იყოს უარყოფითი ქვეყნის შიგნით, გასაკვირია, რომ ამას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები და მათთან დაკავშირებული ტელევიზიები. ჩვენ ვნახეთ ეს ბოლო პერიოდი აზრის ცენზორები, სიტყვის ცენზორები, სიტყვით მანიპულატორები. რაც შეეხება ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, არათუ დღეს უკრაინაში, არამედ 2008 წელს საქართველოში, რუსეთი ცდილობს, თავისუფლების მოყვარე ხალხი, რომელიც ცდილობს გაწევრიანდეს ნატო- ში, ევროკავშირში, დასაჯოს ამ თავისუფლების მოყვარულობისთვის. ამაზეა საუბარი და პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების სწორედ ამაზეა, რომ ამას აღუდგეს წინ და არ დაუშვას 21- ე საუკუნეში, ხალხი და ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი სუვერენიტეტი განახორციელონ, ამის გამო რუსეთმა შეეცადოს დასაჯოს და დაჩაგროს ისინი, ამას უნდა აღუდგეს საერთაშორისო საზოგადოება და ეს არის მთავარი ამოცანა, რაც საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. ამიტომ ამ სულისკვეთებას, რაც განაცხადა პრემიერ- მინისტრმა სრულად ვიზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ ისევე როგორც 2008 წელს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა, საქმე ის არის, რომ ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს საერთაშორისო საზოგადოებამ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.