,,საქართველოში ბოლო თვეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე” – მიხეილ სააკაშვილი

ყველამ კარგად იცის რისთვის მასამართლებენ, მასამართლებენ იმისთვის, რომ არ დავუწექი რუსეთს და არ ჩავაბარე საქართველო. მე ვარ პუტინის ტყვე და ეს თქვეს ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა ავტორიტეტებმა – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ბოლო თვეებში უცხოელი პოლიტიკოსები მის საკითხთან დაკავშირებით ჩამოდიან:

,,საქართველოში ბოლო თვეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემ თემაზე. ეს არის რეალობა. არსად აღარ იღებენ საქართველოს მთავრობას და ჩამოდიან სააკაშვილის საკითხზე იმიტომ კი არა რომ მე ვარ ასეთი სუპერმენი, იმიტომ რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და არ შეიძლება ამ გლობალურ ომში საქართველოს ტყვედ ჰყავდეს აყვანილი პუტინის პირადი ტყვე. ეს არის სირცხვილი. მე მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც თავის თავს ქართველად მიჩნევს, ეს არის საუკუნოვანი სირცხვილი, ის რაც ხდება დღეს ჩვენსა და უკრაინას შორის და ის, რაც ხდება ჩემთან მიმართებაში” თქვა მიხეილ სააკაშვილმა.