შემზარავი კომენტარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე | ნახეთ რით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას ამილახვარმა, რომელიც დღეს განათლების მინისტრად დაინიშნა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარი, რომელიც დღეს განათლების მინისტრად დაინიშნა საზოგადოებას თავი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გააცნო, როცა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე შემზარავი კომენტარი გააკეთა.

„ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ, არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი, არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, შეიძლება მსგავსი შეფერხებები იყოს და გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება არა მხოლოდ ბავშვის, არა მხოლოდ მოზარდის, ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის?“, – განაცხადა ამილახვარმა ტრაგედიის დღეს.

შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.

მკვლელი შადრევანი, რომელმაც მოზარდი იმსხვერპლა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წინა დღეს, 2022 წლის 12 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნა.