მას შემდეგ რაც ბუჩას ტრაგედია ვნახეთ, იმ ხელისუფლებასთან ლაპარაკი მტერთან კოლაბორაციას ნიშნავს – ესენი „პატრიოტთა ალიანსი” არ არიან, “მოღალატეთა ალიანსი” არიან – პაატა მანჯგალაძე

ესენი “პატრიოტთა ალიანსი” არ არიან, “მოღალატეთა ალიანსი” არიან – “პატრიოტთა ალიანსი”, “ალტ-ინფო” და “კონსერვატიული მოძრაობა” “ქართული ოცნების” რადიკალური დაჯგუფებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანგალაძემ განაცხადა, რითაც “პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” “ალტ-ინფოს” და “პატრიოტთა ალიანსს” იმის გასაკეთებლად იყენებს, რასაც თავად პირდაპირ ვერ აკეთებს.

“პატრიოტთა ალიანსს” რაც შეეხება, მას შემდეგ რაც ბუჩას ტრაგედია ვნახეთ, როცა ბავშვებზე ძალადობენ, კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, სჩადიან ომის დანაშაულებს, იმ ხელისუფლებასთან ლაპარაკი მტერთან კოლაბორაციას ნიშნავს. ესენი “პატრიოტთა ალიანსი” არ არიან, ესენი არიან მოღალატეთა ალიანსი და ასე მოვიხსენიოთ სხვა დროს ეს ადამიანები. მათი მოსკოვში ვიზიტები უნდა განვიხილოთ შაჰ-აბასის მიერ კახეთიდან მოსახლეობის გადასახლების შემდეგ, კეთილმეგობრობაზე სასაუბროდ რომ ჩასულიყო შაჰ-აბასთან ქართული დელეგაცია. მსგავსი უმსგავსობა და უზნეობაა “პატრიოტთა ალიანსი” დღეს რასაც აკეთებს. პირდაპირ გეტყვით, “პატრიოტთა ალიანსი” და “ალტ- ინფო” და “კონსერვატიული მოძრაობა” არის რადიკალური დაჯგუფება “ქართული ოცნების”, რომ რასაც თავად ვერ ბედავს დასავლეთის შიშით, გაუკეთონ ჯგუფებმა,”- განაცხადა მანჯგალაძემ.