კულტურის სამინისტრო კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩაკეტილობის და რეპრესიების განმახორციელებელ ორგანოდ გადაიქცა – ანა ნაცვლიშვილი

კულტურის სამინისტრო კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩაკეტილობის და რეპრესიების განმახორციელებელ ორგანოდ გადაიქცა,- ამის შესახებ ,,ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

,,ლელოს” ინიციატივით დღეს, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა მედიასთან განაცხადა, კულტურის სამინისტრო არ უსმენს მათ, ამიტომ დღევანდელი ღონისძიება იყო ამ ადამიანებისთვის კარის გახსნა იმისათვის, რომ მათ თავიანთი ხმა პარლამენტს მიაწვდინონ და პროცესებში ჩაერთონ.

,,ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ ჩაკეტა სამინისტრომ კულტურის და ხელოვნების სფერო, არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, გაუმჭვირვალე პროცესები მიმდინარეობს, ელემენტარულ საკითხებზე ვერ იღებენ პასუხებს, არ არის დიალოგი. კულტურის სამინისტრო კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის გადაიქცა არა ღიაობის, გახსნილობის სიმბოლოდ, არამედ ჩაკეტილობის და გარკვეულწილად რეპრესიების განმახორციელებელ ორგანოდ,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.