„ომის პარტიების” არც ერთ ინიციატივას საგარეო საკითხებზე არა თუ არ განვიხილავთ, არამედ სერიოზულადაც კი არ მივიღებთ – „ლელოს” ინიციატივა საინტერესო არ არის, ესაა ხმაური არაფრისთვის, ქარიშხალი ცარიელ ჭიქაში – სოზარ სუბარი

„ლელოს“ ინიციატივა საინტერესო არ არის, რადგან ეს არის ხმაური არაფრისთვის, ქარიშხალი ცარიელ ჭიქაში, – ასე შეაფასა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა უკრაინასთან დაკავშირებით „ლელოს“ მიერ რეზოლუციის პროექტის მომზადება.

მისივე თქმით, საქართველო 37 ქვეყანასთან ერთად, თანაავტორია საჩივრის, რომელიც შეტანილია ჰააგის სასამართლოში უკრაინაში რუსეთის დანაშაულთან დაკავშირებით.

„ლელო“ ვერანაირ რეზოლუციას ვერ მიიღებს. საქართველომ 2008 წელს სწორედ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჰააგის სასამართლომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და სამი პირი ბრალდებულად ცნო, მათი დაპატიმრების ორდერიც გამოიცა. სასამართლო პროცესი და გამოძიება გრძელდება. დარწმუნებული ვართ, კიდევ ბევრ პირს შეეხება. საქართველო 37 ქვეყანასთან ერთად, თანაავტორია იმ საჩივრის, რომელიც შეტანილია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. 2008 წლის საჩივრისგან განსხვავებით, გამოძიება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და ყველაფერს დაადგენს. საქართველოსა და ხელისუფლების პოზიცია სწორედ აქ ჩანს. რაც შეეხება „ლელოს“ ინიციატივას, საინტერესო არ არის, რადგან ეს არის ხმაური არაფრისთვის, ქარიშხალი ცარიელ ჭიქაში. მამუკა მდინარაძემ მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ომის პარტიების არც ერთ ინიციატივას საგარეო საკითხებზე არათუ არ განვიხილავთ, არამედ სერიოზულად არც კი მივიღებთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ლელომ“ მოამზადა რეზოლუციის პროექტი უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე. რეზოლუციის პროექტის შესახებ „ლელოს“ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პროექტს პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებენ.