პროკურატურამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ქ.ზუგდიდში, ერთ-ერთ პოლიტიკური პარტიის ოფისთან, გ.გ.-მ და ბ.ძ.-მ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ე.გ. -ს და ოპერატორის ზ.ა.-ს მიმართ, მათი ჟურნალისტური საქმიანობის გამო უკმაყოფილება გამოხატეს, შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სამართალდამცველებმა გ.გ. და ბ.ძ. 8 აპრილს, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დევნა, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.