“პალიტრანიუსის” ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

“პალიტრანიუსის” ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი ყავლაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. – შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოიტანა

ხოლო ამავე საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის განმარტებით, ყავლაშვილი ძალადობრივი ქმედებით შუბლის არეში ძლიერად დარტყმით შეეცადა „პალიტრანიუსის” ოპერატორ ბექა მშვილდაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას.

ასევე, ორკურორის განმარტებით, არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძველი და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ირაკლი ყავლაშვილი განაგრძობდა ძალადობრივ საქმიანობას.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის, ირაკლი ყავლაშვილის განმარტებით კი მას ბექა მშვილდაძისთვის არც ფიზიკური, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და საქმეში არსებული ჩვენებები სიმართლეს არ შეესაბამება.

“მტკიცებულება არ წარუდგენიათ, მე არც ხელი დამირტყია, არც შეურცხყოფა მიმიყენებია და არაფერი მსგავსი. იმ ჩვენებებში რაც წერია, სიმართლეს არ შეესაბამება, მიმალვას არსად ვაპირებ, ხეობას ვიცავ, საქართველოს ვიცავ და ვცდილობ ვაჟკაცობა დავიცვა. ხელი დავარტყი თუ დაზიანება ვის როგორ აქვს, გადაწყვიტოს გამოძიებამ, ყველაფერი დაფიქსირებულია. თუ წარადგენენ ვიდეომასალას, თუ უნდათ 100 წელი მომცენ ციხე”, – აღნიშნა ირაკლი ყავლაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ყავლაშვილს ბრალდება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმინობის შეშლისთვის დაკავებულიბის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 225-ე მუხლებით გრძელდება.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით კი დაკავებულებმა ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის, “მთავარი არხის”, გამოცემა – “ტაბულას” და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები დილიდან მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. შსს-ის ცნობით, სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელი დაშავდა. აქციის მონაწილეებმა “პრაიდის” მხარდამჭერი ორგანიზაციებიც დაარბიეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, “თბილისი პრაიდის” გადაწყვეტილებით, “ღირსების მარში” აღარ გაიმართა.

მეორე დღეს, 6 ივლისს, ძალადობის ფაქტების გასაპროტესტებლად რუსთაველის წინ აქცია გაიმართა.  ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის წინ ხმაური და დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე პირი დააკავა. ამასთან, მას შემდეგ რაც მდუმარე აქცია დასრულდა და პოლიციამ სოლიდარობის აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა.