პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ, „ბიზნეს ცენტრი დელისის“ ერთ-ერთი მფლობელისა და მისი დაცვის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა – ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 6 მარტს, „ბიზნეს ცენტრი დელისის“ ეზოში ყოფნისას ბრალდებულმა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, რამდენიმე გასროლა განახორციელა „ბიზნეს ცენტრი დელისის“ ერთ-ერთი მფლობელისა და მისი დაცვის წევრის მიმართულებით. გასროლის შედეგად ბიზნეს ცენტრის მფლობელმა სხეულის დაზიანება მიიღო, ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია განცხადებაში.