კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა, ჩავიდეს უკრაინაში, ამ ნაბიჯის გადადგმა დროულადაა საჭირო, თორემ მერე, გამარჯვების მიტინგზე, ზელენსკის გვერდით ფოტოს გადაღებისთვის რიგში მოუწევს დგომა – რომან გოცირიძე

კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა, მიიღოს გადაწყვეტილება და ჩავიდეს უკრაინაში, ამ ნაბიჯის გადადგმა დროულად არის საჭირო, თორემ მერე, გამარჯვების მიტინგზე, კიევში, ზელენსკის გვერდით ფოტოს გადაღებისთვის, რიგში მოუწევს დგომა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ, მათ შორის, პარლამენტმა და მისმა ხელმძღვანელობამ ,,შავი ლაქა წაუსვა ქვეყნის რუკას და მისი მცირედით ჩამორეცხვის შანსი ჯერ კიდევ არსებობს”.

„როცა ისტორიაში დღევანდელი პერიოდი დახასიათდება, ჩვენი ქვეყნის ისტორიის სახელმძღვანელოში ჩაიწერება უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის სიტყვები, რომ ქართველი ხალხი სჯობს მის მთავრობას, ამაზე საუკეთესო დახასიათება ამ ეპოქისა, არავის მოუცია. სამწუხარო და სამარცხვინოა ის ფაქტი, რაც ხდება, ყოველი ახალი განცხადება თუ ნაბიჯი იწვევს ქვეყნის რეპუტაციის კიდევ უფრო შელახვას, გვიკარგავს საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების მხარდაჭერას და დახმარებას. ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები არათუ არ ჩადიან, ტელეფონითაც არ ელაპარაკებიან კოლეგებს უკრაინაში, რიგითი დეპუტატი მაინც ჩასულიყო. რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის და დღესაც იმყოფება უკრაინაში, ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრი უკრაინაში იარაღით იცავს ამ ქვეყნის და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას,”- განაცხადა გოცირიძემ.