„რუსეთთან ბრძოლის საბაბით, აშშ ცდილობს, ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე კონტროლი მოიპოვოს“ – მედვედევი

„რუსეთთან ბრძოლის საბაბით, შეერთებული შტატები ცდილობს, ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე კონტროლი მოიპოვოს. ამავდროულად, თავად ევროპელებმა სწრაფად დაივიწყეს თავიანთი ურყევი ღირებულებები და ახალი, ბინძური ენერგიისკენ სწრაფვა დაიწყეს“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა ევროპელები მწვანე ეკოლოგიასა და გლობალური დათბობის საფრთხეების შესახებ საუბრობენ, ამერიკისგან „ბინძური“ ენერგორესურსების მიღებაზე თანხმობა სამარცხვინოა.

„ვაშინგტონი დიდი ხანია იბრძვის ევროპის ენერგეტიკული ბაზრისთვის, თუმცა, ბოლო წლებში ამას დიდად აფერხებდა ევროპელების მწვანე დღის წესრიგი. ახლა აშშ-მა, რუსეთის „სისხლიან რეჟიმთან“ ერთობლივი ბრძოლის საბაბით, დრო იხელთა. ევროპას, რუსული ენერგორესურსების უარყოფის საფუძველზე, მოუწევს, უარი თქვას თავის მწვანე ღირებულებებზე. საოცარია, თუ როგორ დაივიწყეს ევროპელებმა ბოლო ათწლეულების ურყევი ღირებულებები და ყველა გლობალური გამოწვევა და საფრთხე“, – განაცხადა მედვედევმა.