ჩვენი მტკიცე საგარეო პოლიტიკური კურსი და არჩევანი არის, საქართველო გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში, ხელისუფლება გადადგამს ყველა შესაბამის ნაბიჯს – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დაჩქარებულ რეჟიმში სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარი არის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, თანამშრომლობისა და გაწევრიანების პროცესის ახალი ეტაპი.

თალაკვაძის თქმით, ამას წინ უძღოდა ხელისუფლების მრავალწლიანი სამუშაო და საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

„მინდა, მეტი ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს ამ კითხვართან დაკავშირებით, რომელზეც ხელისუფლების მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა, რომ ყველა ინფორმაცია, რაც კითხვარში იქნება მოთხოვნილი, მივაწოდოთ ობიექტურად და დროულად ევროკავშირს, ვინაიდან ივნისში უკვე იწყება კიდევ ერთი ახალი პროცედურა, რომელიც განხილვის პროცესს შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს.

თავად კითხვარი, რაც საქართველოს დაჩქარებულ რეჟიმში გადმოეცა, შედგება სამი ბლოკისგან. პირველია პოლიტიკური ბლოკი, სადაც დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით ძირითადი და დეტალური ინფორმაცია გახლავთ მოთხოვნილი.

მეორე ბლოკია სავაჭრო ეკონომიკური კითხვები და საკითხები, რომელზეც ასევე ჩვენი ეკონომიკური გუნდის მხრიდან არსებობს მზადყოფნა სრული ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.

მესამე ბლოკი არის ე.წ. სექტორალური ბლოკი, სადაც სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არის კითხვები მოცემული.

კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის, ასევე გამოცდილების და იმ რჩევების მაქსიმალურ კონსოლიდაციას, რომ საქართველომ კითხვარი დროულად, ობიექტურად და ხარისხიანად შეავსოს და გააგზავნოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს მტკიცე საგარეო პოლიტიკური კურსი და არჩევანი არის, გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში.

„ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა საზოგადოების მხარდაჭერით წინა წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის შანსი, როდესაც მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროპასთან, როდესაც ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, როცა გავაკეთეთ უკვე განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, მიუთითებს, რომ მრავალწლიანი სამუშაო სწორად ვითარდება და საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციასთამ დაკავშირებით.

ჩვენი მტკიცე საგარეო პოლიტიკური კურსი და არჩევანი არის, საქართველო გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში და ხელისუფლება გადადგამს ყველა შესაბამის ნაბიჯს, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების ეს მიზანი წარმატებით შესრულდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა.