უნდა ვიდგეთ იმდენ ხანს, რამდენსაც შევძლებთ, ჩვენ არ ვართ მზად, დავთმოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ტერიტორიები – ზელენსკი

უნდა ვიდგეთ იმდენ ხანს, რამდენსაც შევძლებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკმა, ტელეკომპანია CBS-ის პროგრამა „60 წუთში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას  არის თუ არა უკრაინა მზად მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიები დათმოს.

ზელენსკი ამბობს, რომ არ არის მზად ამისთვის და არ სურს ისეთ სიტუაციაში ყოფნა, სადაც შესაძლოა, საკითხი ასე დადგეს.

„ჩვენ არ ვართ მზად, დავთმოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ტერიტორიები – ასე გიპასუხებთ, არ ვისურვებდი ისეთ სიტუაციაში აღმოჩენას, როცა მე მომიწევს ამაზე სერიოზულად დაფიქრება და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რეალურად. მე ძალიან არ მინდა ეს.

ვფიქრობ, ჩვენ უკვე გავიღეთ ბევრი სიცოცხლე და გავიღეთ, რადგან შეგვენარჩუნებინა სახელმწიფო და სწორედ ამიტომ, ჩვენ სულ მცირე მათ წინაშე ვიქნებით დამნაშავე. ამიტომ, უნდა ვიდგეთ იმდენ ხანს, რამდენსაც შევძლებთ, მაგრამ ეს ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება. ჩვენ ვიცით რუსული მხარე. გვესმის, რომ ეს ერთ-ერთი პუნქტია, ისინი მუდმივად ამბობენ: აღიარეთ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად.

მე ზუსტად ვიცი, რომ ამას არ გავაკეთებ. მათ სურთ დონბასის საკითხის გადაჭრა, მადა ეზრდებათ, მათ მთელი დონბასი სურთ და ვიცი, რომ ილტვიან, ქვეყნის სამხრეთიც აიღონ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ტერიტორიების დათმობის საკითხზე დასმულ კითხვას, ზელენსკიმ განაცხადა: „ვფიქრობ, ამისთვის მზად რომ ვყოფილიყავით, ომი არ იქნებოდა“.