რუსეთის დელეგაციას არ გაუბედავს არახამიას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა, ეს გაბედა კობახიძემ და მან ბოდიში უნდა მოიხადოს – პაატა მანჯგალაძე

მორალური დეგრადაციის ფსკერია, კობახიძე რომ ულტიმატუმს უყენებს საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას – უკრაინას ულტიმატუმს უყენებს რუსეთი და ბელორუსი, ამ რიგში ჩაეწერა დამაზიანებელი, ანტიეროვნული განცხადებებით ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძემ და ,,ქართულმა ოცნებამ” ბოდიში უნდა მოიხადოს.

,,იცით, რომ რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებელი არის დავით არახამია და ეს არის პოლიტიკური უზნეობის ყველაზე დაბალი ზღვარი როცა მის გადადგომას ითხოვ, ამით უნისონში ხარ რუსეთთან და ბელოსურთან, რომლებიც ასევე ილტიმატუმს უყენებენ უკრაინას. ეს დამაზიანებელია ქვეყნისთვის. რუსეთის დელეგაციას, რომელიც უკრაინასთან დამანგრეველ ომში იმყოფება, არ გაუბედავს უკრაინისთვის არახამიას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა, ეს გაბედა ირაკლი კობახიძემ, ამიტომ მან უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი. თუ გვინდა, არ მოგვეჭრას თავი, დღესვე კობახიძემ და „ქართულმა ოცნებამ“ არახამიასთან დაკავშირებული განცხადებების გამო, ბოდიში მოიხადოს. იმისთვის რომ სამძიმარი გამოთქვას პაპუაშვილმა ბუჩაში, უნდა გადადგეს არახამიაო – ასეთი სისულელე როგორ უნდა თქვა,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს მზაობა უკრაინაში უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე შედგეს ვიზიტი, თუმცა არის მკაფიო წინაპირობები. კობახიძე მათ შორის ,,ყველაზე პრინციპული საკითხად” ასახელებს იმას, რომ ,,დღემდე ადამიანები, რომლებიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები არიან, უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან წარმოდგენილი”.