პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო

პარლამეტმა მესამე მოსმენით განიხილა და 87 ხმით, 1 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „ამნისტიის შესახებ“ კანონი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს,  რომ პირებმა, რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაული 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან [გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა] თავისუფლდებიან.

კანონის მიხედვით მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების კომპენსირების მიზნით, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს სასჯელი უმცირდებათ და პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ეთვლებათ განსხვავებული წესით.

აგრეთვე, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ეთვლებათ განსხვავებული წესით.

ამნისტირებული პირები ნასამართლეობის არმქონედ ჩაითვლებიან. პირებმა, რომლებმაც დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინეს ამინისტია მათ მიმართაც გავრცელდება, 

ამნისტია არ ვრცელდება შემდეგ„სისხლის სამართლის კოდექსის“ მუხლებზე: 108-ე, 109-ე, 137-ე – 141-ე, 142-144/3, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე – 224-ე, 236-ე – 239-ე, 253-ე – 255/2, 280-ე, 353-ე, 378-ე – 379-ე, 404-ე – 413-ე მუხლებით, აგრეთვე XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

კანონის პროექტი გამოქვეყნებიდან მესამე სამუშაო დღეს ამოქმედდება.