მმართველი გუნდის დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდას და პროპორციული სასჯელის განსაზღვრას – ანრი ოხანაშვილი

„გასულ კვირას, მმართველმა გუნდმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ პრევენციული სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის პროპორციული სასჯელის განსაზღვრას“,-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტით, განზრახი მკვლელობისთვის დაწესებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ვადად, ნაცვლად დღეს მოქმედი 7 წლისა, 10 წელი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ნებისმიერი სახის განზრახი მკვლელობისთვის კი 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება.

ამასთანავე მკაცრდება სასჯელები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებისთვის.

წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე ახლებურად მოწესრიგდება სისხლის სამართლის პროცესში ციფრული მტკიცებულების მოპოვების წესი.

„ეს საკანონმდებლო ცვლილებები მთლიანობაში ემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდას და პროპორციული სასჯელის განსაზღვრას“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.