სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სააკაშვილს, რურუას და მელიას საკუთარი პარტიები მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არავინ მოიხსენიებს, დოკუმენტში წერია, რომ მას პოლიტპატიმარს საკუთარი პარტიები უწოდებენ.

მისივე თქმით, დოკუმენტში მკაფიოდ არის თემებზე საუბარი, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებებს არ იძლევა.

„გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია „ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებულმა ტელევიზიებმა, თითქოს პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული როგორც სააკაშვილი, ასევე მელია და რურუა, რაც არის სრული სიცრუე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საკუთარი პარტიები ამ ადამიანებს მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად, რაც არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ. ეს იგივეა, ანგარიშში რომ ჩაიწეროს, რომ ვიღაცამ კაცი მოკლა და დედამისი ამბობს, რომ ჩემი ბიჭი უდანაშაულოაო.

დაახლოებით ასეთი რამ არის ჩაწერილი ამ ანგარიშში. რატომ იყო ამ ანგარიშში ჩაწერილი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ჩაწერილი. მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრებად ამ ადამიანებს არავინ მოიხსენიებს, გარდა საკუთარი პარტიებისა,“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.